ფინალური ექვსეული წაგებით დაიწყო - ქეცბაიას „ანორთოსისი“ აეკ-თან დამარცხდა #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ სტადიონზე ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და უხერხულ მეტოქესთან წაუგებელი სერია შეწყვიტა.
საბედნიეროდ, გიორგი ლორიას სერიოზული ტარვმა არ აღმოაჩნდა, წინა ტურში დაშავებული მალე მომჯობინდა და თემურ ქეცბაიამ კარში ისევ ქართველი კიპერი დააყენა, მაგრამ ქართველების გუნდისთვის მატჩი უიღბლოდ დაიწყო. უკვე მე-4 წუთზე აეკ-ის შემტევმა ნახევარმცველმა, ომრი ალტმანმა ანგარიში გახსნა.
27-ე წუთზე სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს. ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტი ივან ტრიჩკოვსიმ გამოიყენა და აეკ-ი ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ „ანორთოსისმა“ 34-ე წუთზე სხვაობა გუნდის კაპიტანის, კოსტას არტიმატასის გოლით ისევ მინიმუმამდე შეამცირა.
მეორე ტაიმში „ანორთოსისი“ ვითარების გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ საკუთარ კარში მესამე ბურთი მიიღო. 64-ე წუთზე ლორიას კარი ისევ ტრიჩკოვსკიმ აიღო და დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, „ანორთოსისმა“ 1:3 წააგო, 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 38 ქულით მეოთხე ადგილზეა.