ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება და ტოკიოში წარმატებით გამოსვლაა - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა გურულთან [ვიდეო]
ლაშა გურულისთვის მიმდინარე წელი პანდემიის მიუხედავად ძალიან გადატვირთულია. ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მოკრივე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას გეგმავს. ლიცენზიის მოპოვებას კი 24 წლის გურული პარიზის ტურნირზე შეეცდება.
მიმდინარე წელს საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა, რომლის კაპიტანი სწორედ ლაშა გურულია უკვე მოასწრო პირველ ტურნირზე გამოსვლა. უნგრეთის „ა“ კატეგორიის საერთაშორისო შეჯიბრზე ქართულმა დელეგაციამ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 63 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ლაშა გურული უნგრელ მეტოქეს დაუპირისპირდა. ბრძოლა ქართველის სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მსაჯებმა მოულოდნელად გამარჯვება მასპინძელი ქვეყნის მოკრივეს მიანიჭეს.
ლაშა გურული ევროპის 2018 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. 2017 წელს ახალგაზრდა ქართველმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მანამდე, 2014 წელს კი ევროპის ჩემპიოანტის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გურული საქართველოს 5 გზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი და გამარჯვებულია. იგი ახლა უკვე მომდევნო გამოწვევებისთვის ემზადება.