საფრანგეთი-ხორვატია
15 ივლისი. მოსკოვი. სტადიონი “ლუჟნიკი“. დასაწყისი 19:00 საათი
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – გასარკვევია გამარჯვებულის ვინაობა. პრეტენდენტი ორია: საფრანგეთი ან ხორვატია.
საფრანგეთს ტურნირის წინ მიიჩნევდნენ ერთ-ერთ ფავორიტად და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოველი მატჩის შემდეგ ამტკიცებდა ამას. საფრანგეთი უფრო კონცენტრირებულია შედეგზე, მას აკრიტიკებენ ნაკლებად სანახაობრივი თამაშისა და პრაგმატიზმის გამო, მაგრამ ეს შედეგს იძლევა და ფინალურ მატჩამდე დიდიე დეშამის გუნდმა ემოციური ძალებით სავსემ მიაღწია და ფიზიკური ძალებიც, წესით, მეტი უნდა ჰქონდეს.
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ფრანგებს ერთი მთლიანი გუნდი ჰყავთ, სადაც შესანიშნავად არის შეხამებული გამოცდილება და ახალგაზრდული ენერგია, დაცვაში დისციპლინა და შეტევაში კრეატიულობა. საფრანგეთს ტურნირზე ოთხ მატჩში არ გაუშვია გოლი, შეტევაში კი ხან მბაპე ხდება თამაშის გმირი, ხან – გრიზმანი.
ხორვატია ფავორიტებს შორის დისტანციის მსვლელობისას შევიდა. არგენტინელთა განადგურების შემდეგ, ეს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესოდ დაასახელეს და ფინალის პრეტენდენტად მონათლეს. გუნდმა მართლაც გააღწია ფინალამდე, მაგრამ ეს გზა ძალიან რთული აღმოჩნდა – ექვსი დამატებითი ტაიმი და ორჯერ პენალტების სერია. ამიტომაც საკითხავია, ეყოფათ თუ არა ძალები ხორვატებს ფინალისთვის?
ახალი ამბები
საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ მზად არის ბლეზ მატუიდი, რომელმაც ნახევარფინალში ედენ აზართან შეჯახების გამო, მატჩი ვერ ჩაამთავრა.
ხორვატების დამრიგებელმა ზლატკო დალიჩმა განაცხადა, რომ მის გუნდში ბევრ ფეხბურთელს მიკროტრავმები აწუხებს.
ინგლისთან ნახევარფინალის გმირი ივან პერიშიჩი ტრავმას მკურნალობს და ამის გამო გამოტოვა პარასკევის ვარჯიში.
მარსელო ბროზოვიჩი შეინარჩუნებს ადგილს ძირითადში, რადგან ინგლისთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
დომაგოი ვიდამ თავიდან აიცილა დისკვალიფიკაცია მეორე ვიდეოს გამო, რომელშიც ისევ გაიძახის: “დიდება, უკრაინა!” ფიფამ ამ ვიდეოში კრიმინალური ვერაფერი აღმოაჩინა.
საფრანგეთის გზა ფინალამდე
საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62-პენ), 2:1 ბეჰიჩი (81-საკ. კარში)
საფრანგეთი-პერუ 1:0
გოლი: 1:0 მბაპე (34)
საფრანგეთი-დანია 0:0
საფრანგეთი-არგენტინა 4:3
გოლები: 1:0 გრიზმანი (13-პენ), 1:1 დი მარია (41), 1:2 მერკადო (48), 2:2 პავარი (57), 3:2 მბაპე (64), 4:2 მბაპე (68), 4:3 აგუერო (90+3)
საფრანგეთი-ურუგვაი 2:0
გოლები: 1:0 ვარანი (40), 2:0 გრიზმანი (61)
საფრანგეთი-ბელგია 0:0
გოლი: 1:0 უმტიტი (51)
ხორვატიის გზა ფინალამდე
ხორვატია-ნიგერია 2:0
გოლები: 1:0 ეტებო (32-საკ. კარში), 2:0 მოდრიჩი (71-პენ)
ხორვატია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 რებიჩი (53), 2:0 მოდრიჩი (80), 3:0 რაკიტიჩი (90+1)
ხორვატია-ისლანდია 2:1
გოლები: 1:0 ბადელი (53), 1:1 გ. სიგურდსონი (76-პენ), 2:1 პერიშიჩი (90)
ხორვატია-დანია 1:1 პენ. 3:2
გოლები: 0:1 მ. იორგენსენი (1), 1:1 მანჯუკიჩი (4)
ხორვატია-რუსეთი 2:2 პენ. 4:3
გოლები: 0:1 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 2:1 ვიდა (100), 2:2 ფერნანდეში (115)
ხორვატია-ინგლისი 2:1 დ.დ.
გოლები: 0:1 ტრიპიერი (5), 1:1 პერიშიჩი (68), 2:1 მანჯუკიჩი (109).
სტატისტიკა
გატანილი გოლები: 10 – 12
გაშვებული გოლები: 4 – 5
დარტყმები: 75 – 100
ზუსტი დარტყმები: 24 (32%) – 26 (26%)
კუთხური: 19 – 34
თამაშგარე: 2 – 8
პასები: 2773 – 3358
პასების სიზუსტე: 84% – 82%
ჯარიმა: 79 – 101
ყვითელი ბარათი: 10 – 14
წითელი ბარათი: 0 – 0
ურთიერთშეხვედრები
– ხორვატიასთან წინა 5 მატჩში საფრანგეთი არასოდეს დამარცხებულა. ფრანგებს 3 მოგება და 2 წაგება აქვთ.
– დიდ ტურნირებზე ეს გუნდები ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს: 1998 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა ლილიან ტურამის დუბლით მოუგო ხორვატიას – 2:1.
– გუნდებმა ასევე ევრო 2004-ის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს. მატჩი 2:2 დასრულდა.
– ხუთიდან ერთი შეხვედრა 0:0 დამთავრდა – 2011 წლის მარტში, “სტად დე ფრანსზე”.
საინტერესო ფაქტები – საფრანგეთი
– საფრანგეთი 10 მატჩია არ მარცხდება (+8=2-0).
– საფრანგეთი არის მეექვსე ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მინიმუმ სამჯერ უთამაშია. ის შეუერთდა გერმანიას (რვაჯერ), ბრაზილიას (ექვსჯერ), იტალიას (ექვსჯერ), არგენტინას (ხუთჯერ) და ჰოლანდიას (სამჯერ).
– ეს არის საფრანგეთის მეექვსე ფინალი დიდ ტურნირებზე – სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამდენჯერვე – ევროპის ჩემპიონატზე. წინა ხუთი ფინალიდან მან სამი მოიგო.
– მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში წინა ოთხი გოლიდან სამი საფრანგეთმა საჯარიმო მოედნიდან გაიტანა – ორი კუთხურით, ერთი პენალტით.
– ამ ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლები და აქედან სამი მცველია – ბენჟამენ პავარი, რაფაელ ვარანი და სამუელ უმტიტი.
– თუ პენალტების სერიას არ ჩავთვლით, საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატებზე პლეი ოფის ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (+11=2-1). ეს ერთადერთი წაგება 2014 წლის ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში გერმანიის წინააღმდეგ ჰქონდა – 0:1.
– დიდიე დეშამი შეიძლება გახდეს მესამე ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული ექნება როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში. მანამდე ეს შეძლეს ბრაზილიელმა მარიო ზაგალომ და გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა.
– საფრანგეთი ამ ჩემპიონატზე მხოლოდ 9 წუთი და 12 წამი იყო მდევრის როლში, ხორვატია კი აგებდა პლეი ოფის სამივე თამაშს.
– საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ 13 დარტყმა შეასრულა ამ ჩემპიონატზე, მაგრამ არც ერთი არ იყო ზუსტი.
– კილიან მბაპე შეიძლება გახდეს მეორე თინეიჯერი ფეხბურთის ისტორიაში, ვისაც ფინალში გოლი ექნება გატანილი. პირველად ეს 1958 წელს პელემ მოახერხა.
– ანტუან გრიზმანმა დიდი ტურნირების პლეი ოფში 9 მატჩი ჩაატარა და 11 გოლში მიიღო მონაწილეობა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ფრანგ ფეხბურთელებს შორის ბოლო 50 წლის განმავლობაში.
საინტერესო ფაქტები – ხორვატია
– ხორვატია რიგით მე-13 ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
– ბოლო ორ შემთხვევაში, ფინალის დებიუტანტმა მოიგო ტურნირი (1998 – საფრანგეთი, 2010 – ესპანეთი).
– ხორვატია პირველი გუნდია ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა იმის მიუხედავად, რომ პლეი ოფის სამივე თამაშში მდევრის როლში იყო.
– ხორვატიამ პლეი ოფის სამივე მატჩში დამატებითი დრო ითამაშა.
– ხორვატიის ნაკრებში 12 გოლი 8 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. ამ მაჩვენებლით წინ მხოლოდ ბელგიაა – 14 გოლი 9 სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.
– ხორვატიამ ამ ჩემპიონატზე ხუთიდან ოთხი გოლი საჯარიმო მოედნიდან გაუშვა.
– ხორვატია ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა (101) და ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (14) მიიღო.
– ივან პერიშიჩს დიდ ტურნირებზე 10 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა (6 გოლი და 4 პასი). ის გაუთანაბრდა ქვეყნის რეკორდსმენ დავორ შუკერს (9 გოლი და 1 პასი).
– ლუკა მოდრიჩმა 16 საგოლე შანსი შექმნა ამ ჩემპიონატზე.
რა თქვეს მწვრთნელებმა
დიდიე დეშამი (საფრანგეთი):
„ფინალში თამაში – უკვე პრივილეგია და სიამოვნებაა. არაფერია იმაზე კარგი და ლამაზი, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლო მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა: სიმშვიდე, კონცენტრაცია და დამაჯერებლობა.
ჩვენს გუნდში არის სულისკვეთება, რომლითაც შეგვიძლია მთები გადავაბრუნოთ. ჩემი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან ორი ან ოთხი წლის შემდეგ“.
ზლატკო დალიჩი (ხორვატია):
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩემს ცხოვრებაში და ეს არის მთავარი მატჩი მთელი ხორვატიისთვის. თუ დავმარცხდებით, გვინდა ეს ღირსეულად გავაკეთოთ. თუ მოვიგებთ თასს, ყველაზე ამაყები ვიქნებით.
ბევრი დიდი ვარსკვლავი უკვე პლაჟზეა და ისვენებს, ხოლო ტურნირს შემორჩა კომპაქტური და კარგად შეკრული გუნდები. ეს ჩვენი პრობლემა იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში – გვყავდა შემსრულებლები, მაგრამ არ იყო ერთიანი გუნდი. სწორედ ამის მიღწევა იყო ჩემი ამოცანა ნაკრებში“.
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-1-2-3): ლორისი – პავარი, ვარანი, უმტიტი, ლუკას ერნანდესი – კანტე – პოგბა, მატუიდი – მბაპე, ჟირუ, გრიზმანი.
ხორვატია (4-2-1-2-1): სუბაშიჩი – ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი – რაკიტიჩი-ბროზოვიჩი – მოდრიჩი – რებიჩი, პერიშიჩი – მანჯუკიჩი.