ფილიპ კლიაიჩი - თუ ჩემპიონობა გვსურს, მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ, ფილიპ კლიაიჩმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში გუნდში გატარებულ პერიოდზე, გულშემატკივარსა და კლუბის მიზნებზე ისაუბრა.
„ქუთაისის „ტორპედოში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩავირიცხე. ვფიქრობ, ამ პერიოდში გუნდი კარგად განვითარდა. ჩამოსვლამდე საქართველოსა და ქართულ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ის ადამიანები, რომლებიც მიკავშირდებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ სურდათ კლუბის განვითარება, ჩემპიონობა და ევროთასებზე თამაში. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე.
გულშემატკივარს დიდ პატივს ვცემ, მომწონს, ყველა მატჩში მხარს როგორ გვიჭერენ. სადაც არ უნდა ვთამაშობდეთ, ისინი ჩვენთან ერთად არიან, ეს კი ბევრს ნიშნავს. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მინატრია, რომ ფანებისთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი ვყოფილიყავი. მე გუნდის რიგითი წევრი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.
ჩემპიონობა თუ გვსურს, მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ. ყოველ შეხვედრაში უნდა გვეტყობოდეს, რომ მოგება გვწყურია და არა ისე, როგორც „სამტრედიასთან“ ბოლო ტურში ვითამაშეთ (მატჩი ქუთაისელებმა ბოლო წამზე გატანილი გოლით 2:1 მოიგეს). ჩემპიონის მენტალიტეტი უნდა გვქონდეს. ფეხბურთელებმა საკუთარ თავს ბევრი უნდა მოსთხოვონ და კლუბს ემსახურონ“, – განაცხადა ფილიპ კლიაიჩმა.