ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფში მორიგი მატჩები გაიმართა. ბრუკლინმა საკუთარ არენაზე ფილადელფიას უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა. (108-112)
სევენთისიქსერსის შემადგენლობაში ითამაშა ჯოელ ემბიდმა, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო წინა შეხვედრა გამოტოვა. კამერუნელი ცენტრი პარკეტზე გატარებულ 31:30 წუთში საუკეთესო იყო. ემბიდის ანგარიშზე 31 ქულა, 16 მოხსნა, შვიდი პასი, ორი ჩაჭრა და ექვსი ბლოკია. ტობაიას ჰარისმა მატჩი 24 ქულით დაასრულა. 15 ქულა, რვა მოხსნა და რვა პასია ბენ სიმონსის ანგარიშზე, ჯიმი ბატლერმა კი 11 ქულა დააგროვა.
ბრუკლინელთა შორის ყველაზე მეტი, 25 ქულა, ლევერმა ჩააგდო. 21-21 ქულა დააგროვეს ალენმა და დეანჯელო რასელმა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ფილი სერიაში 3-1 დაწინაურდა და მომდევნო ეტაპს ერთი მოგება აშორებს.
სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2-2) დენვერმა, რომელმაც სან ანტონიოს ტეხასში 103-117 მოუგო (იოკიჩი – 29 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი. მიურეი – 24 ქულა.) მეორე ეტაპს მიუახლოვდა მილუოკი, რომელმაც მესამე მატჩიც დამაჯერებლად მოუგო დეტროიტს და სერიაში 3-0 დაწინაურდა. ასევე 3-0 გახდა ანგარიში ჰიუსტონსა და იუტას შორის. როკეთსმა სერიის მესამე მატჩი იუტას სტუმრად 3 ქულის სხვაობით 101-104 მოუგო და დამაჯერებელი ჰანდიკაპი მოიპოვა.