ფიფას პრეზიდენტი ახალი საფეხბურთო სუპერლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა
ფიფას პრეზიდენტი ახალი საფეხბურთო სუპერლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა

ფეხბურთელები, რომლებიც რაიმე სახის ევროპულ „სუპერლიგაში“ მიიღებენ მონაწილეობას, არც ერთ სანაკრებო ტურნირზე აღარ დაიშვებიან, მათ შორის არც მსოფლიოს ჩემპიონატზე, აცხადებს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. ამ განცხადების გაკეთების საფუძველი გერმანულ ჟურნალ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით, რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი ახალი „სუპერლიგის“ შექმნას გეგმავს და თითქოს  ამის თაობაზე საიდუმლო მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„შპიგელის“ ჟურნალისტი ასევე ამტკიცებს, რომ პირველი მსგავსი შეჯიბრი 2021 წელს უნდა გაიმართოს და ამ მიზნით მონაწილე გუნდები საკუთარი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების დატოვებას აპირებენ.

ინფანტინო აცხადებს, რომ ფიფას მოვალეობა „ფეხბურთის დაცვაა“ და რომ თავად ეს ორგანიზაცია კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის გაფართოებას გეგმავს, რის სანაცვლოდაც კლუბებს თავიანთი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებზე უარის თქმა არ მოუწევთ.

„მსგავსი მცდელობები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან გვახსოვს. ჩვენი პასუხი არის შემდეგი: ან ჩვენთან ხართ, ან სხვაგან. თუ ფეხბურთელებს არ სურთ ორგანიზებულად ფეხბურთის თამაში, მაშინ ეს ყველაფერს მოიცავს – ეროვნულ ლიგებს, კონფედერაციის თასს, ევროპის ჩემპიონატებსა და მუნდიალებს“, – განაცხადა ინფანტინომ.