ნიკარაგუის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ხუან ბარერამ განაცხადა, რომ „ფიფას“ (FIFA) ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის არჩევისას ხმა არ მიუცია „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესისთვის.
ორშაბათს, მილანში გამართული ცერემონიის შემდეგ, „ფიფამ“ ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა და იქ მითითებულია, რომ ბარერამ პირველ ადგილზე მესი დააყენა, მეორეზე – „ლივერპულის“ ფორვარდი სადიო მანე და მესამეზე – „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ.
„მე მესისთვის ხმა არ მიმიცია“, – მოჰყავს ბარერას სიტყვები ტელეკომპანია „ჩირინგიტოს“ (El Chiringuito TV).
გარკვეული დროის შემდეგ, „ფიფა“ ხმების ფალსიფიკაციაში მეორე ადამიანმაც, სუდანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზდრავკო ლოგარუშიჩმა დაადანაშაულა.
როგორც ლოგარუშიჩი ამტკიცებს, მისი სამეული ასე გამოიყურებოდა: 1. მოჰამედ სალაჰი, 2. სადიო მანე, 3. კილიან მბაპე. ამას ადასტურებს მწვრთნელის მიერ შედგენილი ბიულეტენის ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. ლოგარუშიჩი გაკვირვებული დარჩა, როცა „ფიფას“ დოკუმენტში მისი გვარის გასწვრივ ასეთი სამეული ეწერა: 1. ლიონელ მესი, 2. ვირჯილ ვან დეიკი, 3. სადიო მანე.
ცერემონია The Best FIFA Football Awards 2019 23 სექტემბერს, მილანის „ლა სკალას“ თეატრში გაიმართა. ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცი ფეხურთელი“ ლიონელ მესიმ გაიმარჯვა. მეორეზე გავიდა „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი, მესამეზე – კრიშტიანუ რონალდუ.