ფიფამ იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის სასამართლოში უჩივლა და ორი მილიონის დაბრუნება მოითხოვა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) შვეიცარიის სასამართლოში უჩივლა ორგანიზაციის ყოფილ პრეზიდენტს იოზეფ ბლატერსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მიშელ პლატინის. კერძოდ, ფიფა ითხოვს ამ დუეტისგან 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (1.8 მილიონი ევრო) დაბრუნებას.
ფიფაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს თანხა დაუსაბუთებლად გადაუხადეს ფრანგს 2011 წლის თებერვალში.
სწორედ ასე წერია რეზოლუციაში, რომელიც ფიფას მართვის კომიტეტმა ერთხმად მიიღო. მასში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია დაიბრუნოს თანხა, რომელიც უკანონოდ გადაურიცხა ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა მეორეს. შვეიცარიის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საჩუქარი 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის სახით უნდა განიხილებოდეს, როგორც „გაუმართლებელი დანახარჯი“.
თუ ფიფა დაიბრუნებს აღნიშნულ თანხას, ის მთლიანად მოხმარდება ფეხბურთის განვითარებას.