ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სატრანსფერო ფასების რეგულირებას ალგორითმის საშუალებით გეგმავს #1TVSPORT
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს სპეციალური ალგორითმი განსაზღვრავს.
ბოლო წლებში სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია უკონტროლო გახდა. ევროპული კლუბები წამყვან ფეხბურთელებს ძალიან ძვირად ყიდიან და ისინი ხშირად სამართლიანი თამაშის წესებს არღვევენ.
მოთამაშეების ფასებმა განსაკუთრებით 2017 წლის ზაფხულის შემდეგ მოიმატა, როდესაც პსჟ-მ „ბარსელონას“ ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაუხადა.
ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ინიციატივაა, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი არა ორ კლუბს შორის მოლაპარაკებით დადგინდეს, არამედ კომპიუტერულ პროგრამაში მოთამაშის მონაცემის შეყვანის შემდეგ განისაზღვროს. ალგორითმი კონკრეტულ მოთამაშესთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას დაამუშავებს და მის ფასს დაადგენს.
ჯანი ინფანტინო თვლის, რომ ამ მეთოდით სატრანსფერო ბაზარზე ვითარება დასტაბილურდება, ასევე სამართლიანი და გამჭვირვალე გახდება.