შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები ჯერდან შაჩირი და გრანიტ ჯაკა სერბეთთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში ნაჩვენები პოლიტიკური ჟესტებისთვის ფიფა-ს მხრიდან ორთამაშიან დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ.
22 ივნისს, კალინინგრადში გამართულ შეხვედრაში შვეიცარიიდან გოლები ჯაკამ და შაჩირიმ გაიტანეს, რომლებიც კოსოვოში დაბადებული ეთნიკური ალბანელები არიან. გოლის აღნიშვნის დროს ორივე ფეხბურთელმა არწივის ფრთები ანუ ალბანეთის სიმბოლო გამოსახა. გარდა ამისა, შაჩირის ერთ-ერთ ბუცზე კოსოვოს დროშა იყო გამოსახული. მსგავს პოლიტიკურ გამოხტომებს ფიფა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მაგრამ შვეიცარიელთა ალბანელები „მშრალად“ მაინც ვერ გამოძვრნენ – ფიფა-მ ორივე მოთამაშე 10 000 შვეიცარული ფრანკით დააჯარიმა. გარდა ამისა, ფინანსური სანქციები შვეიცარიელთა კაპიტანს, შტეფან ლიხშტაინერსაც შეეხო, რომელიც არასპორტული საქციელისთვის 5 000 ფრანკით დაჯარიმდა.
უცნაურია, რომ ბევრად უფრო მკაცრია სერბებისთვის გამოტანილი სასჯელები: გულშემატკივრების საქციელისთვის სერბეთის საფეხბურთო ასოციაცია 54 000 ფრანკით დაჯარიმდა, მათი ასოციაციის ხელმძღვანელი სლავიშ კოკეზი და სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მლადენ კრსტაიჩი – 5 000 ფრანკით.