ფიფა-მ მამაკაცთა და ქალთა შორის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-მ მამაკაცთა და ქალთა შორის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მამაკაცთა და ქალთა შორის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა.

მამაკაცთა შორის, ფიფა-ს ვერსიით საუკეთესოს წოდებისთვის, ლიონელ მესი (არგენტინა), კილიან მბაპე (საფრანგეთი) და ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია) იბრძოლებენ.

ლიონელ მესიმ 2022 წლის მიწურულს არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2023 წლის ზაფხულში ის MLS-ის გუნდში, „ინტერ მაიამიში“ გადავიდა და გუნდს ლიგების თასი მოაგებინა. მესი 2023 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელიცაა.

კილიან მბაპესთან ერთად საფრანგეთის ნაკრებმა გასული წლის დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. მბაპე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა რვა გატანილი გოლით. მან „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში საფრანგეთის ჩემპიონატიც მოიგო, ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

რაც შეეხება ერლინგ ჰალანდს, „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად მან ინგლისის პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო. ჰალანდმა პრემიერლიგაში 36 გოლი გაიტანა, რითიც ტურნირის რეკორდსმენი გახდა და ევროპის „ოქროს ბუცსაც“ დაეუფლა. 23 წლის ჰალანდი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

ქალთა შორის ნომინანტთა სამეული ასეთია: აიტანა ბონმატი (ესპანეთი), ჯენიფერ ერმოსო (ესპანეთი), ლინდა კაისედო (კოლუმბია).

ბონმატმა და ერმოსომ ესპანეთის ნაკრებს 2023 წელს ისტორიაში პირველად მოაგებინეს ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი. ბონმატი ავსტრალიაში ჩატარებული მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა ერმოსომაც, რომელიც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

18 წლის ლინდა კაისედო ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მან 2023 წელს სამ ასაკობრივ კატეგორიაში ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. კაისედო ასევე დასახელდა ქალთა შორის კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელად.

ფიფა-ს გალა დაჯილდოება 15 იანვარს ლონდონში ჩატარდება, სადაც ასევე გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო მეკარე ქალთა და მამაკაცთა შორის, წლის საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო გოლის ავტორი.