ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისადმი მხარდაჭერა და წამოიწყო საინფორმაციო კამპანია ცნობილი მწვრთნელების მონაწილეობით, რომლებიც მოუწოდებენ ყველა ადამიანს მსოფლიოში, მისდიონ ხუთ ძირითად წესს.
„ჩვენ ვიცით, რომ სიტუაცია კორონვირუსთან დაკავშირებით არის სერიოზული და ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ, – თქვა ფიფა-ში ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა. – ეს არის ხუთი ძირითადი წესი კორონავირუსთან ბრძოლაში და მოგიწოდებთ მათი დაცვისკენ”.
„ყველაფერი იწყება თქვენი ხელებით. გთხოვთ, ხშირად დაიბანეთ ხელები. თუ შესაძლებლობა არსებობს, ამისთვის გამოიყენეთ სპირტისგან დამზადებული სითხე”, – აღნიშნა მაურიციო პოჩეტინომ.
„დახველების ან დაცემინების დროს, ხელი აიფარეთ პირზე და ცხვირზე. სასწრაფოდ მოიშორეთ ამ დროს გამოყენებული ხელსახოცი”, – მოუწოდა კეინი სტოუნმა.
„ნუ შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს. ეს ხელს შეუშლის ვირუსის მოხვედრას თქვენს ორგანიზმში”, – დაამატა სენეგალის ნაკრების მწვრთნელმა ალიუ სისემ.
„სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, ერთი ნაბიჯი უკან გადადგით. დარჩით ერთ მეტრ დისტანციაზე იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ ან აცემინებენ“, – თქვა „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.
„თუ თავს ცუდად გრძნობთ, დარჩით სახლში. ზოგიერთ ქვეყანაში იზოლაცია შეიძლება სასარგებლო იყოს ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც. გთხოვთ, მისდიოთ თქვენი ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოს ყველა ინსტრუქციას”, – განაცხადა ამერიკელმა მწვრთნელმა ჯილიან ელისმა.
„ამიტომაც, გთხოვთ, ყოველთვის იყავით ინფორმირებულნი. გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსთან ბრძოლაში. ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ რთულ მატჩს“, – დაასრულა ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.