ფიფა-მ 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელისა და მეკარის ჯილდოს სამი კანდიდატი დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-მ 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელისა და მეკარის ჯილდოს სამი კანდიდატი დაასახელა #1TVSPORT

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს სამი კანდიდატი დაასახელა. ამ ინდივიდუალური ტიტულისთვის ლუჩანო სპალეტი (იტალია), ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი) და სიმონე ინძაგი (იტალია) იბრძოლებენ.

ლუჩანო სპალეტიმ, რომელიც ამჟამად იტალიის ნაკრებს ავარჯიშებს, „ნაპოლისთან“ ერთად 2023 წელს იტალიის სერია A მოიგო. ნეაპოლელთათვის ეს პირველი „სკუდეტო“ იყო 33 წლის შემდეგ.

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ასევე მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი. მიმდინარე სეზონშიც მილანური გუნდი სერია A-ს ლიდერობს.

რაც შეეხება ხოსეპ გვარდიოლას, მან „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად წელს ოთხი ტიტული მოიპოვა – ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი და უეფა-ს სუპერთასი. მას ასევე აქვს შანსი, „მანჩესტერ სიტის“ დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინოს.

ფიფა-მ ასევე დაასახელა მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო მეკარის სამი კანდიდატიც. პრესტიჟული ჯილდოსთვის ტიბო კურტუა (ბელგია, მადრიდის „რეალი“), იასინ ბონო (მაროკო, „ალ-ჰილალი“) და ედერსონი (ბრაზილია, „მანჩესტერ სიტი“) იბრძოლებენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდება, რომელი სამი მოთამაშე შეეცილება ერთმანეთს მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის. ფიფა-ს გალა დაჯილდოება 15 იანვარს ლონდონში ჩატარდება.

გასულ წელს წლის მოთამაშე ლიონელ მესი გახდა, წლის მწვრთნელი – ლიონელ სკალონი, ხოლო საუკეთესო მეკარე – ემილიანო მარტინესი.