ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) სწავლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ავღანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრები გუნდში მომუშავე მამაკაცებისგან სექსუალური და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ.
ინფორმაცია რამდენიმე ყოფილმა მოთამაშემ და გუნდის ყოფილმა ამერიკელმა მწვრთნელმა, კელი ლინდსიმ გაავრცელეს.
ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.
„როგორც კი ფაქტები დადგინდება, ყველაფერს ვიღონებთ, რაც ჩვენს უფლებამოსილებას წარმოადგენს“, – აცხადებენ ფიფაში და დასძენენ, რომ ფეხბურთში დასაქმებულ ადამიანთა კეთილდღეობა და უსაფრთხოება ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებია.