„ფიფა 21“-ში მესი რონალდოს სჯობს - ფეხბურთელების შედარება საფეხბურთო სიმულატორში
„ფიფა 21“-ში მესი რონალდოს სჯობს - ფეხბურთელების შედარება საფეხბურთო სიმულატორში

გამოვიდა „ელექტრონიკ არტსის“ (Electronic Arts – EA) ახალი საფეხბურთო სიმულატორი „ფიფა 21“ (FIFA 21) და მთავარი სასაუბრო თემა, ნათელია, რომ წელსაც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს სათამაშო რეიტინგია, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი იყენებს იმის განხილვისას, თუ რომელი მათგანია თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელი.

როგორია მესის რეიტინგი?

ლიონელ მესის რეიტინგი EA-ს ახალ ვიდეოთამაშში ყველაზე მაღალია და 93-ს უტოლდება. საინტერესოა, რომ მისმა მონაცემმა შარშანდელთან შედარებით ერთი ქულით დაიწია.

მიუხედავად ასაკისა, მესის სისწრაფე კვლავ მაღალია და 100-დან 85 ქულით შეფასდა, თუმცა არგენტინელმა შარშანდელთან შედარებით ორი ქულით ნაკლები დაიმსახურა.

მისი დრიბლინგის, დარტყმისა და გადაცემის გაკეთების უნარები უმაღლესი ნიშნით ფასდება, მაგრამ კლება აქაც შეინიშნება – დრიბლინგი 95 (შარშან 96), გადაცემის გაკეთების უნარი 94 (შარშან 95), ხოლო კარში დარტყმა – 92.

მას კვლავ უმაღლეს დონეზე აქვს სუსტი, ანუ მარჯვენა ფეხით თამაში, მაგრამ დაკლებული აქვს გუნდის დაცვით აქტივობებში ჩართულობა, რომელიც შეფასებულია, როგორც „ძალიან დაბალი“.

როგორია რონალდოს რეიტინგი?

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის რეიტინგი მესისაზე ერთით ნაკლებია – რონალდომ 92 ქულა დაიმსახურა და სიმულატორში მეორე ადგილს იკავებს.

უკვე მეორე წელია, რაც რონალდოს რეიტინგი დაეცა – თამაშის წინა წლების ვერსიებში მას 94 და 93 ქულა ჰქონდა.

კრიშტიანოს სისწრაფე, გადაცემა და ფიზიკური მონაცემი „ფიფა 21“-ში შარშანდელზე ერთით ნაკლებია. სისწრაფემ 90-დან 89-მდე მოიკლო. გადაცემების გაკეთების უნარმა 81, ხოლო ფიზიკურმა მონაცემმა კი მისი ასაკის გათვალისწინებით (35 წლის) 100-დან მხოლოდ 77 ქულა მიიღო.

შედარება

მესისა და რონალდოს შორის „ფიფა 21“-შიც ბევრი სხვაობაა, მაგრამ არის გარკვეული კომპონენტები, რომელშიც ერთი მეორეს საგრძნობლად სჯობნის.

მესი დრიბლინგის უნარით საგრძნობლად აღემატება პორტუგალიელს (96-88), მაგრამ ცრუ მოძრაობების გაკეთებაში მეტოქეს რონალდო სჯობნის – ხუთი ვარსკვლავი ოთხის წინააღმდეგ.

უცნაურია, მაგრამ არგენტინელი „ცრუ მოძრაობის“ რეიტინგით ჩამორჩება ნეიმარს, მემფის დეპაის, კილიან მპაპეს და ჯეიდონ სანჩოს.

არ არის გასაკვირი, რომ საგოლე გადაცემების კომპონენტში მესი კონკურენტს 10 ქულით სჯობს (91-81). ლეო რონალდოს „მოედნის ხედვის“ რეიტინგში კიდევ უფრო მეტად – 13 ქულით ასწრებს (95-82).

საინტერესოა ისიც, რომ მესის კრიშტიანოზე უკეთესი აჩქარება აქვს (91-87), თუმცა რონალდოს მაქსიმალური სისწრაფე ბევრად მაღალია (91-80).

ორივე მოთამაშეს უყვარს საჯარიმოების შესრულება, მაგრამ კითხვის ნიშნები აქაც ცოტაა – მესის საჯარიმოების დარტყმის სიზუსტემ 94 ქულა დაიმსახურა, ხოლო რონალდოს დარტყმის სიზუსტემ – 76.

ბუნებრივია, რომ პორტუგალიელს უპირატესობა აქვს თავით თამაშის კომპონენტში – 90 ქულა აიღო თავური დარტყმის სიზუსტემ, ახტომის უნარმა კი – 95. რა თქმა უნდა, სხვაობები სხვა მაჩვენებლებშიცაა, თუმცა ფეხბურთელების სათამაშო პოზიციებიდან გამომდინარე, მათზე ყურადღებას ნაკლებად გავამახვილებთ.

ახლა კი საინტერესოა, თუ როგორ გამოიყენებენ „გეიმინგის“ მოყვარულები თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებს „ელექტრონიკ არტსის“ ახალ საფეხბურთო სიმულატორში.