ფიბა-ევროპის თასი | თსუ კვიპროსშია და „კერავნოსთან“ მატჩისთვის ძირითადი ცენტრის გარეშე ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თსუ დღეს ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩს კვიპროსში გამართავს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ნიქოზიაში თამაშის წინა დღეს, 14 ნოემბერს ჩავიდა და მეტოქე „კერავნოსის“ კოსტას პაპაელინოსის სახელობის დარბაზში საღამოს ივარჯიშა.
„კერავნოსი“ გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც ფიბა-ევროპის მიმდინარე ტურნირზე გამარჯვება არ გააჩნია. „კერავნოსმა“ 25 თებერვალს თბილისში 60:63 წააგო. ეს გახლავთ თსუ-ს ერთადერთი გამარჯვება მიმდინარე ტურნირში. დარბაზი ძალიან პატარაა და 500-მდე მაყურებელს იტევს.
თსუ-ს ვარჯიში საღამოს 8 საათზე დაიწყო და საათ-ნახევარს გასტანა. ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტებმა – ნიკოლოზ მსხალაიამ და დიმიტრი ჭელიძემ მოთამაშეები დიდად არ დატვირთეს. თსუ-ს ნიქოზიაში ჩასვლა შედარებით რთული მარშრუტით, ერევნამდე ავტობუსით და შემდეგ თვითმფრინავით მოუწია და კალათბურთელებს ძალების დახარჯვაზე მეტად აღდგენა ესაჭიროებოდათ.
ძირითადი დრო კომბინაციების გათამაშებასა და სროლებს დაეთმო. ლაფანაშვილის გუნდს კვლავ სოლიდური დანაკლისი აქვს. ვირუსი შეეყარა და გუნდს კვიპროსში ვერ გაჰყვა ძირითადი ცენტრი გიორგი ტურძილაძე. სამაგიეროდ, თსუ-ს დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი ტაირი ბოიკინი, რომელმაც საზარდულის ტრავმის გამო ფიბა-ევროპის წინა ორი შეხვედრა გამოტოვა.
კერავნოსისა და თსუ-ს მატჩი ადგილობრივი დროით 19:30 საათზე დაიწყება.