ფიბა ევროპის თასი | „ქუთაისი“ „პრიევიძასთან“ მესამე ოვერტაიმში დამარცხდა #1TVSPORT
საკალათბურთო კლუბმა, „ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე მეოთხე მატჩი გამართა. მისი მეტოქე სლოვაკური „პრიევიძა“ იყო, რომელთანაც ჩვენი გუნდი სტუმრად 8 ქულის სხვაობით დამარცხდა.
ვინაიდან „პრიევიძა“ „ქუთაისის“ უშუალო კონკურენტია, ურთიერთშეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს და საპასუხო მატჩში 9 ქულის სხვაობით მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმე თანაბარი ძალის ორ გუნდთან გვქონდა. პირველიდან ბოლო წამებამდე ანგარიში აიწონა-დაიწონას პრინციპით მერყეობდა, საფინალო სირენამ კი საყაიმო ანგარიში დააფიქსირა – 73:73.
გამარჯვებული ვერც პირველმა ოვერტაიმმა (83:83) და ვერც მეორემ (94:94) გამოავლინა. მასპინძლები, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ 9 ქულით მოგება სჭირდებოდათ, განგებ ცდილობდნენ, მატჩი დამატებითში გადაეყვანათ. მესამე ოვერტაიმში კი უკეთ სლოვაკები გამოიყურებოდნენ და გაიმარჯვეს კიდეც – 108:104.
მაღალშედეგიანი მატჩი ჰქონდა ქუთაისელთა გამთამაშებელ ჯოინერს, რომელმაც მატჩი 31 ქულით დაასრულა. 18 ქულა ჰქონდა კორსანტიას, 16 – ოჩხიკიძეს. „პრიევიძაში“ 30 ქულა მოაგროვა სმიტმა, 29 – ჟორდანმა.