ფესტივალი გურიაში გაგრძელდა - გვიმბალაურმა გოგონათა საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა #1TVSPORT
ფესტივალი გურიაში გაგრძელდა - გვიმბალაურმა გოგონათა საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა #1TVSPORT

გურიაში, სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიამ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა. ამით გაგრძელდა 16-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით იმართება.

შეჯიბრებაში გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონების ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აკადემიაში შეკრებილ გოგონებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ. ვიცეპრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში მონაწილეებს წარმატება უსურვა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი რაჭაშიც გაიმართა. ერთდღიან ტურნირში რაჭის, ლეჩხუმისა და იმერეთის ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საფეხბურთო ფესტივალის შემდეგი ტური თბილისში, იმედის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გოგონათა საფეხბურთო ფესტივალი კამპანია #Weplaystrong-ის ფარგლებში იმართება. ფესტივალმა სტარტი 28 ივნისს თბილისში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში აიღო.

7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი 25 ივლისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, საუკეთესო ოთხი გუნდი კი, #Weplaystrong-ის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. საფეხბურთო ფესტივალის ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებს სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს.