ფესტივალი „ფეხბურთი ყველას" დასრულდა
ფესტივალი „ფეხბურთი ყველას" დასრულდა

სამი დღის განმავლობაში, რუსთავის საფეხბურთო აკადემია ფესტივალს, „ფეხბურთი ყველას“ მასპინძლობდა. ბავშვების ინიციატივით, ფესტივალის კეთილი ნების ელჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფესტივალში ქვეყნის 8 რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ. პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს. უკვე 3 წელზე მეტია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა, სადაც აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.

ფინალში ფოთის ბავშვთა გუნდმა თბილისის “SOS“ ბავშვთა სოფლის გუნდი 3:0 დაამარცხა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

გამარჯვებულები და ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დააჯილდოვეს.

„ესაა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივაა. ჩვენ, როგორც მშობლებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს სპორტში, კერძოდ ფეხბურთში ბავშვების ჩართულობას და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ ამის შესაძლებლობა. ეს ამ ბავშვებისთვის არის საშუალება იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ სპორტულები და აქტიურები“- აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.