ფერნანდო იერო - საქართველო თავიდანვე მომეწონა, აქ ჩემი ძმა მუშაობდა
თბილისში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელსაც ტურიზმის საპატიო ელჩის რანგში თბილისში მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფერნანდო იერო ესწრებოდა.
საქართველო ფორუმს პირველად მასპინძლობს. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წელს აირჩიეს.
„ტურიზმი და ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს. ახლა ტურიზმს მსოფლიოში რთული პერიოდი დაუდგა და ჩვენი ვალია, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ“, – ამბობს ფერნანდიო იერო. მან საქართველოსთან დაკავშირებული ამბები გაიხსენა: „საქართველოში მეორედ ვიმყოფები და თავიდანვე ძალიან მომეწონა, აქ ჩემი ძმა „საბურთალოში“ მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ კიდევ ჩამოვალ. მე ვნახე, რა ენთუზიაზმით ცდილობენ ამ კლუბსა და მთლიანად საქართველოში ფეხბურთის განვითარებას. ვნახე საფეხბურთო სკოლები და მჯერა, ეს მცდელობა შედეგს გამოიღებს“.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო იერო საქართველოში 2016 წელსაც იმყოფებოდა „საბურთალოს“ მიწვევით – მისი ძმა, მანოლო იერო თბილისური კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობას 2 წელი იკავებდა.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი „დინამო თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ და მისი მონაწილეობით ჩამოვიდა საქართველოში ჩისკო მუნიოსი, რომელიც ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელია. პოლოლიკაშვილის იდეა იყო, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საპატიო ელჩი გამხდარიყო ფერნანდო იერო. მის გარდა, საპატიო ელჩები ასევე არიან ლიონელ მესი, ვისენტე დელ ბოსკე, ანდრეს ინიესტა, იკერ კასილასი და დიდიე დროგბა.