მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე დაფიქრდება.
38 წლის პილოტი „სამეფო რბოლებში” 2001-18 წლებში გამოდიოდა და ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა სხვა სარბოლო სერიებზე კონცენტრირება და ორჯერ მოიგო ლეგენდარული „ლე მანის 24 საათი”. ასევე გამოსცადა საკუთარი თავი ინდიკარში, წელს კი რალი-რეიდ „დაკარში” მონაწილეობს.
„თავდაპირველად დავამთავრებ დაკარს, შემდეგ მონაწილეობას მივიღებ „ინდიანაპოლი 500″-ში, ზაფხულში კი რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ. მაქვს ფორმულა 1-ში დაბრუნების იდეა. თავს ვგრძნობ ფორმულა 1-ის პილოტად და ეს ის არის, რაც ყველა ძალიან მომწონს. სწორედ ამის კეთება ვიცი ყველაზე კარგად.
მართალია, ეს რბოლების უმაღლესი კატეგორიაა, მაგრამ მასაც აქვს თავისი ნაკლი. ფორმულა 1 ითხოვს, რომ შენ მას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მე უკვე მივეცი მას 18 წელი და ახლა ვფიქრობ, მინდა თუ არა გავიმეტო კიდევ ორი-სამი წელი”, – თქვა ალონსომ.
„დაკარის” 10 ეტაპის შემდეგ, ფერნანდო ალონსო საერთო ჩათვლაში მე-14 ადგილზეა და ლიდერს ოთხი საათით და 35 წუთით ჩამორჩება.