ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ ჩემპიონატში დაბრუნებისთანავე სურს გამარჯვება, მაგრამ ამის რეალურ შანსს ვერ ხედავს.
ალონსოს აზრით, 2021 წელს, ძალიან დიდი ალბათობით ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გახდება. მაგრამ 2022 წელს, როცა ფორმულა 1 ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე გადავა, ესპანელს შეიძლება შანსები გაუჩნდეს.
“რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონი გავხდე. ფორმულა 1-ში იმისთვის არ ვბრუნდები, რომ სხვადასხვა ქალაქში რესტორნებში ვიარო და ვიმოგზაურო. ერთი მიზნით ვბრუნდები: მინდა კარგად გამოვიდე და გამარჯვება ვცადო.
დიახ, მეხუთე ადგილი ჯობია მეშვიდეს, მეშვიდე კი უკეთესია, ვიდრე მე-12, მაგრამ, საერთო ჯამში, ისინი დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან ან იგებ, ან არა.
ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ 2021 წელს მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება იყოს – ლუის ჰემილტონი და “მერსედესი”. სხვა ვერავინ შეძლებს მოგებას. აი, 2022 წელს კი ბევრს ექნება გამარჯვების იმედი: მე, “ალპინს”, “ფერარის”, კარლოს საინსს, მაქს ფერსტაპენს, “რედ ბულს”. იმედი ყველას აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, არა 2021 წლის სეზონში.
საერთოდ, ჩემს წინაშე იდგა ეს დილემა – მომეცადა 2022 წლამდე ან გამომეყენებინა 2021 წლის სეზონი ვარჯიშისთვის, მომზადებისთვის და გუნდთან შეგუებისთვის. ამაზე ბევრი ვიფიქრე და მივიღე გადაწყვეტილება. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მენატრებოდა ფორმულა 1 ან ვბრუნდები შურისძიებისთვის. მე ვბრუნდები ახალი რეგლამენტის პირობებში – და მომწონს სარბოლო ბოლიდის საჭესთან ჯდომა ასეთი ინტენსივობით”, – განაცხადა ალონომ.