„ფერენცვაროშის“ ყოფილი მოთამაშე - ვერ ვიტყვი, რომ სლოვაკები ან უნგრელები ბათუმის „დინამოსთან“ აუცილებლად მოიგებენ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „ფერეცვრაშორის“ ყოფილმა და ეროვნული ნაკრების მოქმედმა მცველმა, ლაშა დვალმა საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში მიწვეულ მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებაზე ისაუბრა და კომენტარი ევროტურნირებზე ქართული გუნდების შანსებზეც გააკეთა.
„სიმართლე გითხრათ, ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდან და ევროპიდან მოწვეულ მოთამაშეებს შორის ფიზიკურ მომზადებაში სხვაობა არ შემიმჩნევია. ფაქტია, რომ ბიჭები პროფესიონალები არიან და კარგად ემზადებიან.
ეროვნულ ლიგას უფრო შესვენებაზე ვიყურებ და ჩვენს გუნდებს ვგულშემატკივრობ, რომ იქნებ, ევროპული ტურნირის ჯგუფში შევიდეთ. ბათუმის „დინამოს“ მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვუსურვებ, რომ კარგად ითამაშონ, წარმატებას მიაღწიონ და ჯგუფში მოხვდნენ. ჩემი აზრით, ამის ძალაც შეწევთ – რა თქმა უნდა, პატარა გამართლებაც უნდათ.
მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ბათუმელები „ფერენცვაროშს“ შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ფავორიტი უნგრელები იქნებიან, მაგრამ ვერ იტყვი, რომ აუცილებლად მოიგებენ. ასევე პირველ ეტაპზე ფავორიტად უფრო „სლოვანი“ მიიჩნევა, მაგრამ რთული და დაძაბული თამაშები იქნება და ჩვენს ჩემპიონს დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ამასვე ვიტყვი ყველა ქართულ გუნდზე, ყველა მათგანს ძალიან ვგულშემატკივრობ“.