ფორმულა 1-ის იტალიური საჯინიბოს „ფერარის“ ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია „ფიატ-კრაისლერის“ ყოფილი პრეზიდენტი სერჯო მარკიონე კომაშია, – წერს იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“ (Gazzetta dello Sport).
არაოფიციალური ინფორმაციით, მარკიონეს მდგომარეობა მოულოდნელად და მკვეთრად გაუარესდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იტალიელს ციურიხში მხარის ოპერაცია ჩაუტარდა და აღდგენით კურსს გადიოდა.
ოპერაცია ჯერ კიდევ სამი კვირის წინ ჩატარდა და ექიმები ვარაუდობდნენ, რომ აღდგენას დიდი დრო არ დასჭირდებოდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, მარკიონეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მისი რეანიმაციაში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმები იტალიელის მდგომარეობას უკიდურესად რთულს უწოდებენ.
გასული კვირის პარასკევს, სერჯო მარკიონე ოფიციალურად გაანთავისუფლეს ყველა პოსტიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.