„ფერარის“ დამფუძნებლის ვაჟმა მიხაელ შუმახერის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა #1TVSPORT
კომპანია „ფერარის“ დამფუძნებლის ვაჟმა პიერო ფერარიმ თავისი აზრი გამოთქვა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, „ფერარის“ ყოფილი წევრის მიხაელ შუმახერის მდგომარეობაზე. მისი თქმით, გერმანელ პილოტს არ შეუძლია გარშემომყოფებთან ურთიერთობა.
„მე მქონდა ბედნიერება, შუმახერისთვის მემასპინძლა საკუთარ სახლში. ერთად მივირთმევდით წითელ ღვინოს, მას ძალიან მოსწონდა სიახლოვისა და სიმშვიდის ასეთი მომენტები. ის უბრალო, გასაგები, ზუსტი და ძალიან სწორხაზოვანი იყო.
მე არ მომწონს ის, რომ შუმახერზე ლაპარაკობენ, როგორც გარდაცვლილზე. მიხაელი მკვდარი არ არის, ის ჩვენთანაა, მაგრამ კონტაქტი არ შეუძლია“, – მოჰყავს პიერო ფერარის სიტყვები La Gazzetta Dello Sport-ს.
2013 წლის 29 დეკემბერს, მიხაელ შუმახერმა სამთო თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. 2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ შუმახერი აღარ არის მიჯაჭვული საწოლზე და აღარ სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი. სამთო კურორტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შუმახერი პუბლიკის წინაშე აღარ გამოჩენილა, მისი ოჯახი კი კომენტარს არ აკეთებს ყოფილი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეახებ.