„მილანის“ 23-მატჩიანი წაუგებელი სერია ფენომენალური კვარაცხელიას დამსახურებით შეწყდა - ევროპულ მედიაში ქართველის თამაში შეაფასეს [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „სან სიროზე“ „მილანთან“ „ნაპოლის“ მოგებაში (2:1) თავისი წვლილი შეიტანა. ხვიჩა ისეთი ეფექტური არ იყო, როგორც „ლივერპულთან“, „მონცასთამ“და „სპეციასთან“, მაგრამ შანსი როგორც კი გაუჩნდა, გარდამტეხ მომენტში მოიპოვა პენალტი და ეს მატჩი უდავოდ მის აქტივშია.
კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ სახიფათოა და შანსი რომ ეძლევა, თავის საქმეს აკეთებს. ამას იტალიური და ევროპული არაერთი გამოცემა აღნიშნავს.
Tuttosport
საინტერესოა Tuttosport-ის ვერსია, რომელმაც მატჩამდე დაწერა -„მილანის“ მარჯვენა მცველს, დავიდე კალაბრიას იტალიის ნაკრებში მანჩინის იგნორირებაზე კვარაცხელიასთან კარგი თამაშით სურდა ეპასუხა.
„არის რამდენიმე დუელი, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დღევანდელი რბოლის ფონზე, მაგრამ Tuttosport ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ერთზე: კერძოდ, დუელზე კალაბრიასა და კვარაცხელიას შორის. „როსონიერის“ მცველს სურს მოედანზე გასცეს პასუხი რობერტო მანჩინის, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახა“, – წერს იტალიური გამოცემა.
მაგრამ სწორედ კალაბრიას მიაღებინა ყვითელი ბარათი და ის შესვენებაზე შეცვალეს, მისმა შემცვლელმა კი კვარაცხელიას წინააღმდეგ პენალტი აიკიდა.
fanpage
„მეორე ტაიმში „სუპერ-ნაპოლიმ“ ანგარიში გახსნა – უპირველეს ყოვლისა ფენომენალური კვარაცხელიას დამსახურებით, რომელმაც შეძლო დესტის შეცდომის შემდეგ პენალტის მოპოვება“.
Milanreports
მილანის მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ შეცვალა დავიდე კალაბრია, რომელიც კარგად იცავდა ხვიჩა კვარაცხელიას. მაგრამ, ის გააფრთხილეს. „მილანის“ მწვრთნელს არ სურდა გარისკვა და მის ნაცვლად სერჯინო დესტი ჩააყენა. სამწუხაროდ, ეს არც ისე კარგი შეცვლა გამოვიდა, რადგან ამერიკელმა მცველმა ქართველს საჯარიმოში ფეხი დაადგა და „ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა.
Voetbal International
„მილანში“ დესტს კვლავ მოუწია სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა. ძირითადში დავიდე კალაბრია იყო. „ნაპოლის“ წინააღმდეგ ტურის მატჩის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რადგან ორივე გუნდს სჭირდებოდა გამარჯვება, რათა ლიდერობა ბერგამოს „ატალანტასთვის“ არ დაეთმო. „სან სიროზე“ შესვენებამდე ბევრი არაფერი მომხდარა. გარდა იმისა, რომ კალაბრია პირველ ტაიმში უხეშობისთვის გააყვითლეს. დესტი მეორე ტაიმში კალაბრიას ნაცვლად გამოჩნდა. ამერიკელმა მოთამაშემ მოედანზე შემოსვლიდან ათ წუთში უარყოფითი როლი ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში ოსტატურად შევარდა, დესტმა ფეხი დაადგა და პენალტი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გაიტანა.
ლიდერების დაპირისპირება „სან სიროზე“ „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო, „როსონიერის“ 23-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 7 ტურის შემდეგ სერია A-ში 17 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა.