ფეხბურთში დასაქმებულმა სპეციალისტებმა პროფკავშირი დააფუძნეს #1TVSPORT
ფეხბურთში დასაქმებულმა სპეციალისტებმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საფეხბურთო პროფკავშირის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი მწვრთნელები, მენეჯერები, კლუბებისა და მედიის წარმომადგენლები.
პროფკავშირის დამფუძნებელთა თქმით, ისინი იურიდიული, პროფესიული და სოციალური მიმართულებით იმუშავებენ. მათ მიზნად ქართველი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ინტერესების დაცვა დაასახელეს.
ასევე აღნიშნეს, რომ ქართული ფეხბურთის მომავლისთვის ნიჭიერი მოთამაშეების დაწინაურება სჯობს და არა დიდი რაოდენობით ლეგიონერების ჩამოყვანა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „ქართული ფეხბურთის პროფკავშირის დაფუძნება 28 ადამიანის იდეა იყო და გვინდა, ჩვენი ერთობა საერთო საქმეს წაადგეს. ამ ხალხს ჩენი ფეხბურთისთვის ბევრი გაუკეთებია და ვფიქრობ, კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლიათ. მიზანი კი ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების დაცვაა. ჩვენთვის გასაოცარი იყო ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელისგან იმის მოსმენა, რომ ლეგიონერების ჩამოყვანა უფრო იაფი უჯდებათ.
ჩვენი ამოცანა ქართული ფეხბურთის სამსახური და ნაკრებისთვის მოთამაშეების გაზრდა უნდა იყოს. ახლა კი ეროვნულ ლიგაში მოთამაშეთა 43 პროცენტი ლეგიონერია. მიმაჩნია, რომ, უხარისხო ლეგიონერების ნაცვლად, საქართველოს ჩემპიონატში მეტი ქართველი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს.
არც ის მგონია სწორი შეფასება, რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე სუსტი რგოლი მწვრთნელები ვართ. არ მახსენდება წარმატებული ქართული გუნდი, სადაც წამყვარ როლში ქართველები არ იყვნენ, მაგრამ ეს გრძელი და რთული გზაა, ძვირიც და ამიტომ ბევრს არ მოსწონს. თუმცა ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე სასურველი გზაა“.
დავით ებრალიძე: „ქართველი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ხელშეკრულებების უმრავლესობა ფიფა-ს სტანდარტებთან შეუსაბამოა. სხვა პრობლემებიცაა, ამიტომ ჩვენი მიზანი კონტრაქტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში მოთამაშეებისა და მწვრთნელების მხარდაჭერა იქნება“.
გია გეგუჩაძე: „ბევრი ისეთი ადამიანია შემოსული ქართულ ფეხბურთში, რომელთა კვალიფიკაციაც კითხვებს ბადებს. ეს კი ჩვენი სფეროს განვითარებას არ ემსახურება. შესაძლოა, ბევრი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ჩვენ სპონტანურად არ შევკრებილვართ. პროფკავშირში გაერთიანება ბევრს სურს. როცა ვინმეს უფლებები ირღვევა, უნდა ვითანამშრომლოთ და გავძლიერდეთ“.