ფეხბურთის განვითარების ფონდი სასკოლო ლიგის მხარდამჭერი გახდა - ლიგის ბაზაზე ფუტსალის გუნდი შეიქმნა #1TVSPORT
ფეხბურთის განვითარების ფონდი სასკოლო ლიგის მხარდამჭერი გახდა - ლიგის ბაზაზე ფუტსალის გუნდი შეიქმნა #1TVSPORT

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასობრივი სპორტული პროექტის „სასკოლო საფეხბურთო ლიგის“ მხარდამჭერი გახდა – ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგარდულ საქმეთა კომისიის მიერ შემუშავდა პროგრამა „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“.

პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, თანამდგომებისა და სხვა შესაბამისი სპორტული ფედერაციების მხარდაჭერით, 2019 წელს დაარსდა „სასკოლო ლიგა“ (ამერიკული კოლეჯების ლიგის მსგავსი პროექტი) რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობებში უმაღლესი დონის სასკოლო შეჯიბრებებს აერთიანებს“, – წერია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გავრცელებულ ცნობაში.

სასკოლო ლიგის ორგანიზატორია სპორტის მართვის ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის ასოციაცია. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ლიგის ბაზაზე შეიქმნა ფუტსალის გუნდი „სასკოლო ლიგის აკადემია“, რომელიც საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ში თამაშობს.