ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა 15 თებერვალს ჩატარდება - კობიაშვილი მოტივირებულია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობის დღე დანიშნეს.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება – ეს დღე სიმბოლურად დაინიშნა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების თარიღს ემთხვევა.
„წლის შემაჯამებელ აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით 29-ე ყრილობის თარიღის დანიშვნა. იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წელი საარჩევნო წელია, ყრილობა ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 15 თებერვალს გაიმართებ. ამავე დროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აღმასკომის წევრებს აირჩევენ. გადაწყვეტილება, რომელიც წესდების შესაბამისად და ყველა მოთხოვნის დაცვით იქნა მიღებული. ეს განპირობებულია მომავალი წლის მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე. არჩევნები უნდა ჩატარდეს, ვიდრე სეზონი აქტიურ ფაზაში შევა. ამით გამარჯვებულ კანდიდატს მიეცეს საშუალება, სწორად წარუძღვეს პროცესს, რაც თავისთავად მხოლოდ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარეობს“- ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
ლევან კობიაშვილის თქმით, ის ახლა უფრო მოტივრებულია, რომ კანდიდატურის ხელახლა წამოაყენოს: „ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე დადებითი პროცესების შედეგად,, დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენს ყველაფერს, წესდების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შევატყობინებთ საზოგადოებას“.
ყრილობის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავითმუჯირმა გააკეთა: „გენერალურ სამდივნოს უკვე დაევალა, რომ ორშაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებს განესაზღვროთ ვადები პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, ასევე აღმასკომის წევრებისა და იმ დელეგატების წარდგენის შესახებ, რომლებიც ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს მიეცემა საშუალება, დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული თარიღები, ორშაბათს, 31 დეკემბერს დაზუსტდება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება, ინფორმაციას კი მედიასა და საზოგადოებას მივაწვდით“.