ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლოზ ჯღარკავას MESGO-ს მაგისტრის ხარისხი მიენიჭა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ უეფა-ს საგანმანათლებლო კურსის „გლობალური სპორტის მმართველობის“ (MESGO) მაგისტრის ხარისხი მიიღო, – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ჯღარკავას, ისევე როგორც ყველა კურსდამთავრებულს, მაგისტრის დიპლომი უეფა-ს გენერალურმა მდივანმა, თეოდორ თეოდორიდისმა და მისმა მოადგილემ, ჯორჯო მარკეტიმ გადასცეს.
MESGO საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სპორტში არსებული იურიდიული, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების სიღრმისეულ ანალიზს.
ამას გარდა, ეხება ისეთ გლობალურ საკითხებს, რომელსაც დღეს სპორტული ორგანიზაციები აწყდებიან, მათ შორის, კომერციული უფლებები, გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიდოპინგი, სოციალური პასუხისმგებლობა, კარგი მმართველობა და სხვა.
ორწლიანი სასწავლო კურსი განკუთვნილია ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის და თითოეული კურსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ, მსოფლიო დონის სპეციალისტებისგან პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღონ.