გვერდში ვუდგავართ გურამ კაშიას - ფეხბურთის ფედერაციის პირველი კომენტარი
გვერდში ვუდგავართ გურამს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გურამ კაშიას მიერ „თანასწორი თამაშის“ (Equal Game) ჯილდოს მიღებამდე ერთი დღით ადრე გულშემატკივრების ერთი ნაწილის მიერ წამოწყებული ნეგატიური კამპანიის კომენტირებისას განაცხადეს. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყოველგვარი სახის დისკრიმინაციასა და ძალადობას ეწინააღმდეგება.
„ჯილდო, რომელსაც გურამ კაშია მიიღებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, გურამისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია, რა თქმა უნდა, უცვლელია – კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის გადაწყვეტილებაში, ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას.
საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მოსალოდნელი მატჩების ფონზე, თუმცა რა თქმა უნდა, მატჩების ორგანიზებისა და უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული იქნება სათანადო დონეზე. ჩვენ დღეს, როგორც ფეხბურთის ფედერაცია, ისევე გუნდი, მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობთ სპორტულ შედეგზე“, – განაცხადა ნიკა ჯღარკავამ.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, „თანასწორი თამაშის“ ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის გვერდზე „ფეისბუკში“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა.
ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.