ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ

„ფეხბურთი ყველას“ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ცდილობს. სფფ-ს ხელმძღვანელები, ლევან კობიაშვილი და კახა ჭუმბურიძე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრნენ. ვიზიტი ქვედა სიმონეთში დაიწყო, სადაც ფედერაციის სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში პირველი საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანი განახლდა.

სფფ-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ფეხბურთელებს და მოყვარულებს შეხვდნენ და საჩუქრად ბურთები, მაისურები და სხვა სპორტული ეკიპირება გადასცეს. იმერეთის შემდეგ, კობიაშვილი და ჭუმბურიძე ცაგერს ესტუმრნენ, ბავშვთა საფეხბურთო გუნდების წევრებს შეხდნენ და საჩუქრები გადასცეს.

ვიზიტი ამბროლაურში გაგრძელდა, სადაც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანაებით ორგანიზებული მოყვარულთა ადგილობრივი ჩემპიონატის ფინალი გაიმართა: ამბროლაურისა და სოფელ მუხლის გუნდების დაპირისპირებას ბევრი მაყურებელი ჰყავდა და ამბროლაურის გამარჯვებით დასრულდა 1:0.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფინალის გოლის ავტორს გიორგი ფანჩულიძეს საკუთარი მაისური გადასცა, გამოვლინდა ფინალის გამორჩეული მოთამაშეც – ეროვნული ნაკრების მაისური სოფელი მუხლის გუნდის მოთამაშემ – თორნიკე კირკიტაძემ დაიმსახურა.

დღის ბოლოს, ხვანჭკარაში თასის ფინალი გაიმართა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, რაჭველები ატარებენ. ფინალი რაჭაში გარდაცვლილ ახალგაზრდებს მიეძღვნათ. რეგიონში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თასის ორგანიზატორები – ძმები სარდანაშვილები საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურებით დაჯილდოვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ ამბროლაურის მშენებარე მოედნებიც მოინახულა.