ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ს დელეგაცია ესტუმრა - სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა გრძელდება #1TVSPORT
საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან „უეფა გროუს“ წარმომადგენლები – უეფა-ს ექსპერტების დახმარებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას განაგრძობს.
ოთხწლიანი განვითარების გეგმის შემუშევებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან კი, დანიელ ფლეჩერი, „უეფა გროუს“ მენტორი, ოლექს კუჩერევი, სტრატეგიული განვითარების ექსპერტი ლეს ჰაუვი, ასევე შეინ ჯონსი – უეფას სტრატეგიული ექსპერტი.
ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა მასობრივი ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განათლება, ეროვნული ჩემპიონატის ხელშეწყობა, ბრენდის იდენტობა და სხვა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებს ონლაინ კონფერენციის საშუალებით მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება პროცესში ჩაერთვებიან როგორც უეფა-ს ექსპერტები, ისე სფფ-ის პარტნიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველი სატრატეგიული გეგმა კი, უეფა-ს ხელშეწყობით, 2016 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა „მომავლის 11“ წარუდგინა.