ფეხბურთის ფედერაციამ „კოლხეთი“ დასაჯა - ფოთელთა მოთამაშეები მატჩის შედეგზე მანიპულირებდნენ
ფეხბურთის ფედერაციამ „კოლხეთი“ დასაჯა - ფოთელთა მოთამაშეები მატჩის შედეგზე მანიპულირებდნენ

ფეხბურთის ფედერაციამ „კოლხეთი“ დასაჯა – ფოთელთა მოთამაშეები მატჩის შედეგზე მანიპულირებდნენ ფოთის „კოლხეთი“ და მისი ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯნენ. სფფ-ს ცნობაში მითითებულია, რომ სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში დააყენა შუამდგომლობა, რომლის სხდომაც 3 ივლისს გაიმართა და შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

როგორც გაირკვა, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება, რომ „კოლხეთის 1913“-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ „კოლხეთი 1913“-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უეფას ანგარიშში არ იკვეთება „კოლხეთი 1913“-ის მეტოქეების მხრიდან რაიმე სახით გარიგებაში მონაწილეობის ნიშნები.

სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა „კოლხეთი 1913“-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე „კოლხეთი 1913“-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიეცათ.

ვინაიდან, ფეხბურთში არასპორტული მეთოდების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია უცვლელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.