ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-ს აგენტების რეგისტრაცია დაიწყო #1TVSPORT
2022 წლის 16 დეკემბერს, დაინტერესებულ მხარეებთან მრავალწლიანი კონსულტაციების შემდეგ, ფიფა-მ დაამტკიცა ფეხბურთის აგენტების დებულება, რომელიც ძალაში 2023 წლის 9 იანვრიდან შევიდა.
აქედან გამომდინარე, სფფ-მ დაიწყო ლიცენზირების პროცესი ფეხბურთის აგენტებისთვის. სფფ-ში შეიქმნა ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილება, რომელიც მართავს ფეხბურთის აგენტების დებულებების განხორციელების პროცესს. კერძოდ, ფიფა-ს ფეხბურთის აგენტობის კანდიდატებისთვის გამოცდებს ჩაატარებს.
ფიფა-ს ფეხბურთის აგენტის პირველ გამოცდაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაციის საბოლოო ვადა 2023 წლის 15 მარტია. ფიფა-ს ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია სფფ-ს ვებგვერდზეა.
ახალი დებულებების თანახმად, დაინერგა მომსახურების სტანდარტები ფეხბურთის აგენტებისა და მათი კლიენტებისთვის. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეს მოიცავს ფეხბურთის აგენტების სავალდებულო ლიცენზირების სისტემას და ფიფა-ს ფეხბურთის აგენტისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარი დადგინდა.
ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ფეხბურთის აგენტებს აეკრძალებათ მრავალმხრივი წარმომადგენლობა. ყოველივე ეს ემსახურება საკონტრაქტო მდგრადობის გაძლიერებასა და ტრანსფერების სისტემის მთლიანობის დაცვას – ამას გარდა, ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების სისტემა ფინანსურ გამჭვირვალობას გაზრდის.
9 იანვრიდან უკვე ამოქმედდა ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მიღებისთვის საჭირო პროცესები და გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან მხოლოდ ლიცენზირებულ ფეხბურთის აგენტებს ექნებათ საქმიანობის განხორციელების უფლება და სავალდებულო გახდება ფიფა-ს დებულებების მოთხოვნების სრულად დაცვა (აგენტებისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარი და სხვ.).