საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროტურნირებზე მონაწილე კრიტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხ კლუბთან ვიდეოკონფერენცია გამართა – ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„სფფ-ის ხელმძღვანელობამ კლუბებს უეფა-სთან არსებული კომუნიკაციიდან გამომდინარე მდგომარეობა გააცნო, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ლიცენზირების პირობები და ვადები არ შეცვლილა და კლუბებმა, რომლებმაც სპორტული შედეგით უეფა-ს 2020/21 წლის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს სალიცენზიო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 3 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ“ – წერია სფფ-ს ინფორმაციაში.
ამავე დროს, სფფ სხვა სიახლესაც ავრცელებს: „მომდევნო კვირაში საქართველო უეფა-ს მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც 55-ვე წევრი ფედერაცია იქნება წარმოდგენილი და ევროპული ფეხბურთის სამომავლო გეგმები განიხილება. კვირის ბოლოს კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა კლუბთან გეგმავს ვიდეოკონფერენციის გამართვას“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველა აღნიშნული ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება 11 მარტს სამკვირიანი ვადით მიიღო. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო კი, აღნიშნული ვადა გაგრძელდა. ჩემპიონატების განახლების თარიღი მოვლენების განვითარების შესაბამისად დადგინდება.