ფეხბურთის ფედერაცია რუსეთში მოთამაშე ქართველით დაინტერესდა - ახლა ნაკრებში მისი თამაში შეუძლებელია
გიორგი მელქაძით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი შემტევი საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს.
მოსკოვის „სპარტაკის“ 22 წლის ქართველი მოთამაშის შესახებ (რომელიც იჯარით „ტამბოვში” თამაშობს) ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე ილაპარაკა.
„საქართველოს ნაკრებში გიორგის თამაშის შესახებ მელქაძის ოჯახის წევრებს ორი წლის წინ ველაპარაკეთ. ფიფას ახალი რეგულაციით, ფეხბურთელის გადაბირება ძალიან ძნელია, თუ მას სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ახლა მისი ჩვენს ნაკრებში თამაში შეუძლებელია. ამის შესახებ ვმუშაობთ, მაგრამ ფიფა ამ წესს უახლოეს პერიოდში არ შეცვლის. და ამ საკითხის მოგვარება რთული იქნება. ერთ-ერთი დაბრკოლება ისაა, რომ სხვა ნაკრებში თამაშის დროს, მას ორმაგი მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს. სხვაგავრად მას ნატურალიზაცია ეკრძალება“ – აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის „სპარტაკის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. „ტამბოვში” 2019 წლის შემოდგომიდან თამაშობს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში არაერთხელ მოხვედრილა. ბოლო კვირაში გამართული მატჩის შემდეგ, 11 რჩეულ ფეხბურთელს შორის ორმა გამოცემამ დაასახელა. სულ „ტამბოვში” გამართულ 13 შეხვედრაში გიორგიმ 6 გოლი გაიტანა. 2016 წელს რუსეთის პირველი ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
მელქაძე იყო რუსეთის აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი – დაწყებული 15-წლიანების გუნდიდან და 21-წლამდელებით დასრულებული. ამ პერიოდში 71 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. 2015 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეორეადგილოსანია, ყველა თამაში ჩაატარა და იყო ნაკრების ვიცე-კაპიტანი.