ფეხბურთის ფედერაცია ბათუმში მომხდარს გამოეხმაურა - მიუღებელია ძალადობა და არბიტრზე თავდასხმა #TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ბათუმის სტადიონზე ადგილობრივი „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მსაჯის მიმართ გამოვლენილი აგრესია დაგმო.
„ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე. მათ შორის, არბიტრზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი, მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული ვიდეოკადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“ – წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.