ფეხბურთის ფედერაცია ახალ საფეხბურთო ცენტრს ხსნის - სტადიონზე საფეხბურთო სკოლა „ჩემპიონი“ გადადის #1TVSPORT
ხვალ, 23 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრს ოფიციალურად გახსნის, რომელიც სფფ-ს 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.
სპორტის უნივერსიტეტის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნა, განათების სისტემა და სარბენი ბილიკი.
ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას.
საინტერესოა, რომ მოედანზე გადადის საფეხბურთო სკოლა „ჩემპიონი“, რომელიც მანამდე იქვე მდებარე მინი მოედანზე საქმიანობდა.
„დასრულდა სტანდარტული საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, სადაც ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენს სკოლას გამოუყო, როგორც სავარჯიშო, ისე სათამაშო საათები. დიდ მადლობას ვუხდით ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისათვის. სკოლა „ჩემპიონი“ 2007 წლიდან მინი მოედანზე ფუნქციონირებს, ახლა კი მოგვეცა საშუალება დიდ სტანდარტულ მოედანზე ვარჯიშის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სკოლის განვითარებასა და კარგი ფეხბურთელების გაზრდას“, – წერია „ჩემპიონის“ განცხადებაში.