ფეხბურთი | უკრაინის ნაკრებში სერგეი რებროვის შემცვლელს აპრილის ბოლოს დაასახელებენ #1TVSPORT
სერგეი რებროვი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინის ეროვნულ გუნდს აღარ გაწვრთნის. ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ და მწვრთნელმა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, მისი შემცვლელი აპრილის ბოლოს დასახელდება.
„სერგეი რებროვმა ეროვნული ნაკრები 2023 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროს ჩაიბარა და გუნდი ევრო 2024-ზე გაიყვანა. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ გასვლა ვერ მოვახერხეთ“, – აღნიშნულია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს სურს, რომ რებროვი კვლავაც მისი გუნდის წევრად დარჩეს და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრის სტატუსი შესთავაზა.
Sport.ua-ს ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის ვინაობას 30 აპრილის შემდეგ დაასახელებს.