ფეხბურთი თუ წარმატებულია, ერთიანი შიდა პროდუქტიც იზრდება - ჩიხრაძის აზრით, საფეხბურთო პროგრამის პირველი შედეგი ნაკრების პროგრესია #1TVSPORT
„გაგრას“ პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის დანიშვნა გაიხსენა და გუნდის წარმატება ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამას დაუკავშირა, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა.
„ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავფრინდი და დღენახევარი გავატარე ნაკრებთან – ისეთი კარგი ატმოსფერო იგრძნობოდა – ჩანს, რომ გუნდია, ერთიანი ორგანიზმია და ურთიერთპატივისცემაა.
როდესაც აღმასკომზე სანიოლის კანდიდატი წარმოადგინეს, მე მას მხარი დავუჭირე, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩვენს ნაკრებს გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი სჭირდებოდა.
ასეთი მწვრთნელი მსოფლიოში ბევრია, მაგალითად, გვარდიოლა, მაგრამ ისინი აქ არ ჩამოვიდოდნენ. სანიოლის დანიშვნა რისკი იყო, რადგან გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ფანტასტიკური გადაწყვეტილება.
აქვე ფეხბურთის განვითარების პროგრამასა და ფონზე მსურს ვთქვა – იყო შეცდომები, შეიძლებოდა რაღაც უფრო ოპტიმალურად გაკეთებულიყო. მაგრამ ნაკრებში არჩევანის საშუალება რომ გვაქვს, ამის დამსახურებაა.
როდესაც პროგრამა მიიღეს, მაშინ ბევრს (მეპატრონეს) სურდა ფეხბურთიდან წასვლა, ჩვენთან ფეხბურთი ბიზნესი არაა, ემოცია გახლავთ. ეს პროგრამა კი ქართულ ფეხბურთს გადარჩენაში დაეხმარა. ვფიქრობ, ნაკრების ამჟამინდელი თამაში პროგრამის პირველი შედეგია. მიმაჩნია, რომ საშუალოზე მაღალი დონის ნაკრები გვყავს. კიდევ ხუთი წელიწადი და ვთვლი, რომ მომავალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ევროთასებზე კლუბების წარმატებისთვის ინფრასტრუქტურა გვჭირდება. ევროპა მოვლილი მაქვს, ბელგია, საფრანგეთი და ვინტერესდებოდი. ყველა წარმატებულ ქვეყანაში ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს უდიდესი როლი აქვს. ჩვენთან რომ მუშაობდა იოჰან ბოსკამპი, პატარა ქალაქ დენდერლოოდან იყო. ამ 6-ათასიან ქალაქში 8 დიდი საფეხბურთო მოედანი იყო.
არაფრიდან არაფერი გამოვა. ფეხბურთს სჭირდება ინვესტიცია, რასაც სჭირდება ნება და გაგება. ფეხბურთი უდიდესი ინსტიტუციაა – ფეხბურთი თუ წარმატებულია, ერთიანი შიდა პროდუქტიც იზრდება. გვჭირდება მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა და უნდა ვიმუშაოთ.“