ფეხბურთი რეალურ სივრცეში დაბრუნდა - სფფ-ს ხელმძღვანელები ფიფა-ს კონგრესზე იმყოფებოდნენ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებოდნენ, სადაც ფიფა-ს 72-ე კონგრესი გაიმართა.
აღსანიშნავი დეტალია, რომ ფიფა-ს ყოველწლიური კონგრესი პანდემიის გამო, ბოლო ორი წელი ონლაინ ფორმატში იმართებოდა და ასეთი პაუზის შემდეგ რეალურ სივრცეში პირველად ჩატარდა.
ფიფა-ს 72-ე კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ – პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
ფიფა-მ ასოციაციის წევრებს ფინანსური ანგარიში და 2023 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. გარდა ამისა, საფეხბურთო ასოციაციების საქმიანობაში მთავრობის ჩარევის გამო, კონგრესმა ფიფა-ს წევრობა ზიმბაბვესა და კენიას შეუჩერა, ხოლო პაკისტანს ანალოგიური შეზღუდვა გაუხანგრძლივა.
ფიფა-ს პრეზიდენტმა ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მომდევნო კონგრესი 2023 წლის დასაწყისში გაიმართება, სადაც ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნები შედგება. კონგრესის ჩატარების თარიღი და ლოკაცია მოგვიანებით დასახელდება.