ფეხბურთი. ლიგა 2-ის პლეი-ოფი “ნორჩმა დინამომ” გასვლაზე მოიგო, “თელავმა” “გურია” დაამარცხა
დღეს II ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩები გაიმართა. ლიგა 3-ის “თელავმა“ საკუთარ მოედანზე ლიგა 2-ის ლანჩხუთის “გურიას“ უმასპინძლა.
კახელები 56-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა დააწინაურა 1:0. “გურიამ” 5 წუთში წონასწორობა ლეგიონერის, მაგლოირ ტელას გოლით აღადგინა 1:1. გამარჯვების გოლი კი 90-ე წუთზე თელაველმა ნიკა ნოზაძემ პენალტით გაიტანა – 2:1.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე“ თბილისის „ნორჩ დინამოს” დაუპირისპირდა. 40-ე წუთზე მასპინძელთა კარი თბილისელთა თავდამსხმელმა იაგო დეისაძემ აიღო, 64-ე წუთზე კი გიორგი მელქაძემ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – “ნორჩმა დინამომ” გასვლაზე 0:2 მოიგო და ლიგა 2-ში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.
საპასუხო მატჩები ლანჩხუთის “ევგრაფი შევარდნაძესა” და თბილისის “შატლის” სტადიონზე 3 დეკემბერს გაიმართება.
ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები ხვალ, 30 ნოემბერს გაიმართება: ბოლნისის „სიონი“ საკუთარ „თამაზ სტეფანიაზე“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო ფოთის „პარკი არენაზე“ „კოლხეთი“ – მარტვილის „მერანს“.