ფეხბურთი | იოჟეფ საბო უკრაინის ნაკრებში როტანის დანიშვნას ეწინააღმდეგება და მარკევიჩის კანდიდატურას ემხრობა #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინის ეროვნულ გუნდს, დიდი ალბათობით, ახალი მწვრთნელი ეყოლება. უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოჟეფ საბო მიიჩნევს, რომ ამ პოსტზე „პოლესიეს“ თავკაცის, რუსლან როტანის დანიშვნა ნაადრევია – ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი მირონ მარკევიჩის კანდიდატურას ემხრობა.
„უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელად რუსლან როტანის კანდიდატურას განიხილავენ. ყოფილი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ რადგან მაღალ დონეზე უთამაშიათ, მწვრთნელობაც შეუძლიათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფეხბურთმა უზარმაზარი პროგრესი განიცადა, ახალგაზრდა სპეციალისტები სწავლის გარეშე ვერაფერს გახდებიან. მიმაჩნია, რომ როტანი ჯერ არ არის მზად, ნაკრების მწვრთნელობა შეძლოს.
რებროვის შემცვლელად მხოლოდ ერთ კანდიდატს ვხედავ – მირონ მარკევიჩს. იგი 75 წლის გამოცდილი სპეციალისტია. მისი ხელმძღვანელობით „დნიპრომ“ ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ის საუკეთესო კანდიდატი იქნება“, – განაცხადა საბომ გამოცემა Tribuna-სთან ინტერვიუში.