ფეხბურთელთა ინიციატივა - უკრაინას სფფ და ნაკრების მოთამაშეებიც ეხმარებიან #1TVSPORT
ფეხბურთელთა ინიციატივა - უკრაინას სფფ და ნაკრების მოთამაშეებიც ეხმარებიან #1TVSPORT

უკრაინაში ჩვენი ქვეყნიდან მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება – ამჯერად ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეკუთვნით.

სფფ-ს ცნობით, აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება.

„მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომა. უკრაინელ ხალხს პირველივე დღიდან გამოვუცხადეთ თანაგომა, გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებთან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ცალკეულმა მოთამაშეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა. ფეხბურთი ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეული სპორტია. ეს არ არის მხოლოდ 90 წუთი და ანგარიში. ზუსტად ამას ვადასტურებთ პირველივე დღიდან და მომავალშიც ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების, კოლეგების და უკრაინელი ხალხის გვერდით“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.