ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექიმს პატიმრობა მიესაჯა
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექიმს პატიმრობა მიესაჯა

ბუქარესტის „დინამოს“ ნახევარმცველ პატრიკ ეკენგის გარდაცვალების საქმეზე რუმინელ ექიმ ელენა დუტას წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ეკენგი 2016 წლის მაისში გარდაიცვალა. რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას, 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და ექვსი წუთის შემდეგ გონება დაკარგა. მოთამაშე დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემები დასახელდა.

რაც შეეხება ელენა დუტას, ის იმ სასწრაფო დახმარების ექიმი იყო, რომელსაც ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაჰყავდა. 2016 წლის ივნისში მას ბრალი დასდეს დანაშაულებრივ უმოქმედობაში. ბრალდების ვერსიით, დუტა არ ცდილობდა ფეხბურთელის რეანიმირებას. პატიმრობის გარდა, მას 60 დღით საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება და ჯარიმის სახით 200 000 ევროს გადახდა მიესაჯა.