ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტები ჩაუტარდათ
ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტები ჩაუტარდათ

მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე, „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და გუნდის სტაფს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ, – ინფორმაცია კლუბების პრესსამსახურებმა გაავრცელეს.

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, 1-7 ივნისს, ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება უტარდებათ. იგივე მოხდება მატჩების დაწყებამდე 22-24 ივნისს და მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან. ტესტირების ხარჯები ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღო.

ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის ოთხი წრის ნაცვლად, ორ წრედ ჩატარებას. თუმცა, კლუბები 16 ტურს ითამაშებენ, მარტში გამართული ორი ტური არ გაუქმებულა. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ეროვნული ლიგა თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, 25 ივნისს მესამე ტურის მატჩით განახლდება – „მიხეილ მესხი არენაზე“, ერთმანეთს „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან.