„ფეჰერვარის“ მწვრთნელი ზივზივაძის უთამაშებლობაზე კითხვამ გააღიზიანა - გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო, ახლა კი ტრავმირებულია #1TVSPORT
„ფეჰერვარის“ მწვრთნელი ზივზივაძის უთამაშებლობაზე კითხვამ გააღიზიანა - გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო, ახლა კი ტრავმირებულია #1TVSPORT

ფეჰერვარმა“ უნგრეთის ჩემპიონატში მე-15 ტურის მატჩი 1:2 წააგო „უიპეშტთან“, რომელთანაც პირველ წრეში მარცხის (0:1) შემდეგ ჯოხი ბუდუ ზივზივაძეზე გადატეხეს და მეტოქესთან (მისი ყოფილი კლუბია) მაისურის გაცვლის გამო სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს.

მატჩის შემდეგ „ფეჰერვარის“ მთავარი მწვრთნელი, ჰუსტ საბოლჩი შედეგით იმედგაცრუებას არ მალავდა და განაცხადა, გუნდმა უნდა ეძებოს ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან ირბინონ.

„ალბათ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ბრძოლა. ამ შეხვედრის შეფასება შეუძლებელია, მაგრამ წაგების მიზეზები უნდა შეფასდეს“, – დაიწყო ჰუსტ საბოლჩმა.

სწორედ ამის გამო დაუსვეს კითხვა, შეცდომა ხომ არ იყო ზივზივაძის სარეზერვო გუნდში გადაყვანა, რამაც „ფეჰერვარის“ მთავარი მწვრთნელი მწყობრიდან გამოიყვანა.

„ყურადღების ცენტრში მოექცა ჟურნალისტი ბუდუ ზივზივაძის არყოფნის შესახებ დასმული კითხვის გამო, რომელსაც „ფეჰერვარის“ მწვრთნელმა სიტყვა შეაწყვეტინა“, – წერს „ბლიკის“ უნგრული ვერსია.

„ეს მოსაწყენია. აქ მოვედი და ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როდესაც ეს გადაწყვეტილება კლუბს უკვე მიღებული ჰქონდა. ეს კითხვა ყველა პრესკონფერენციაზე მეორდება და უკვე მოსაწყენი ხდება. ამიტომ აღარ მინდა ამაზე საუბარი. ჯობია იმ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ, რომლებსაც თამაში შეუძლიათ. თანაც ბუდუ ზივზივაძეს მაინც მხრის ტრავმა აქვს“, – განაცხადა „ფეჰერვარის“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ „ფეჰერვარის“ ექიმმა, ტიბორ კოვაჩმა კლუბის პრესსამსახურთან განაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძემ მხარზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას ექვს კვირაში დაიწყებს.