ფედერერი - მთელი გულით ვულოცავ ნადალს, ჩემს მეგობარსა და დიდებულ მეტოქეს #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირის 20-გზის გამარჯვებულმა, როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის დღევანდელ ტრიუმფატორს, რაფაელ ნადალს გამარჯვება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი კაც ჩოგბურთელებს შორის გახდა პირველი, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირი 21-ჯერ მოიგო.
„აი, ეს არის მატჩი! მთელი გულით ვულოცავ ნადალს, ჩემს მეგობარსა და დიდებულ მეტოქეს, რომ „დიდი სლემის“ ტიტული 21-ჯერ მოიგო, – განაცხადა როჯერ ფედერერმა. – რამდენი თვის წინ ვხუმრობდით, რომ ორივე ყავარჯნებით დავდივართ, მაგრამ დიდი ჩემპიონის არდაფასება არ შეიძლება.
შენი დაუჯერებელი შრომისმოყვარეობა, მიზანმიმართულობა და საბრძოლო სული მეც და უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში აღგვაფრთოვანებს. ამაყი ვარ და დიდი პატივია, რომ შენს ეპოქაში მიწევს თამაში. მიხარია, რომ წარმატებებისკენ გიბიძგებდი, ისევე როგორც შენ – ბოლო 18 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ წინ სხვა გამარჯვებები გელოდება, მანამდე კი დღევანდელი დღით დატკბი“.