ფედერერი და ნადალი ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს წევრები გახდნენ
ფედერერი და ნადალი ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს წევრები გახდნენ

მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები – რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი შევიდნენ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მოთამაშეთა საბჭოში, საიდანაც ადრე პროტესტის ნიშნად ოთხი წევრი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოში უთანხმოება დირექტორთა ასოციაციაში მოთამაშეთა წარმომადგენლის არჩევის ფონზე წარმოიშვა. ჯასტინ გიმელსტობი, რომელსაც ბოლო სეზონებში ეს პოზიცია ეკავა, წელს გასამართლდა ადამიანზე თავდასხმის გამო, მაგრამ შეინარჩუნა მოთამაშეთა მხარდაჭერა.

გარდა ამისა, მიჩნეულია, რომ მოთამაშეთა საბჭოს პრეზიდენტის ნოვაკ ჯოკოვიჩის გავლენით გადაწყდა – არ გაგრძელდეს კონტრაქტი ATP-ის პრეზიდენტთან კრის კერმოდთან, რომლის უფლებამოსილება ამა წლის ბოლოს იწურება. ბევრმა ტოპ-მოთამაშემ არ მოიწონა ეს გადაწყვეტილება, სტენ ვავრინკამ კი ღია წერილი შეადგინა.

ახლა, საბჭოში, რომელსაც სათავეში უდგანან ჯოკოვიჩი და კევინ ანდერსონი, შემდეგი მოთამაშეები შედიან: ფედერერი, ნადალი, იურგენ მელცერი, ჯონ ისნერი, სემ კუერი, იენ-ჰსუნ ლუ, ვასეკ პოსპიშილი, ბრუნო სუარესი.